воскресенье, 6 ноября 2011 г.

როგორ მონაწილეობდა გერმანელი დიზაინერების გვერდით ერთადერთი ქართველი ბერლინის „ფეშენ-ვიქზე“ და რატომ შეისწავლა მან კათოლიკური ეკლესიის სამოსი 
გიორგი ბეჟანიშვილი: უკვე დავამთავრე ჩემი პრაქტიკა, ვმუშაობდი მოდის ავსტრიულ ფირმაში, გავაკეთე კოლექცია. შემდეგ კი წავედი პარიზში და მათ „შოუ-რუმში“ ვმუშაობდი. მერე ბერლინის მოდის კვირეულზე მივიღე მიწვევა. სიმართლე რომ გითხრა, არ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას, რადგან კოლექციის გასაკეთებლად ძალიან ცოტა დრო მქონდა. მაგრამ, ყველაფერი უცებ მოხდა, არაფერი გადამიხდია, ყველაფერი თვითონ გააკეთეს. სიმართლე რომ გითხრა, ბევრი სიახლე არ მქონია, წინა კოლექციიდან გამოვიყენე ქსოვილები, რადგან შეკვეთის დრო აღარ იყო. უბრალოდ, თემა შევარჩიე ახალი. კოლექციის სათაურია „დღე აღსარებამდე“. რა თქმა უნდა, კოლექციაში ქრისტიანულ რწმენას, მრწამსს არ ვუღრმავდები. უბრალოდ, აქ არის მომენტი, თუ როგორ გადაწყვეტს ადამიანი, რომ მივიდეს აღსარების სათქმელად. სანამ კოლექციას გავაკეთებდი, მანამდე ძალიან დიდი გამოკვლევა ჩავატარე. საშუალება მქონდა, კათოლიკური კოსტიუმი მენახა, ის, რაც აცვიათ ეკლესიის მსახურებს და ამან შთამაგონა შემდეგ სილუეტები. ეს პროპორციები გამოვიყენე. ქსოვილები სისხლისფრად შევღებე, მაგალითად, პალტო ქვემოდან სისხლისფერია და შემდეგ თეთრში გადადის. ასევე, გავაკეთე ძალიან ბევრი მოოქრული, ძვლის აქსესუარი, სამაჯურები. ჩემთვის მხოლოდ კოლექციის გაკეთება, აქსესუარების გარეშე, რთულია. მუშაობისას საკუთარ თავს დავალება მივეცი – თუ მოვახერხებდი სამ კვირაში ახალი კოლექციის გაკეთებას. ბევრი ვიმუშავე და ყველაფერი მოვასწარი. თან, მაშინ არ მქონდა სტუდია, ახლა გავხსენი. მთელი კონსტრუქცია სახლში ავაწყვე, რომ დამეხაზა.

– ვინმე გეხმარებოდა?

– ჩემი პარტნიორი – ფრანცისკა, ვისთან ერთადაც ქალის ხაზზე ვმუშაობთ. კაცის კოლექციასაც უკვე ერთად ვაკეთებთ. დიზაინს, რა თქმა უნდა, მე ვიწყებ, მაგრამ მოზომვები და იდეების გაზიარება ერთად ხდება. მარტო აღარ ვარ და უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ. ქალის კოლექციის გაკეთება ძალიან უცნაურად დაიწყო. იყო დრო, როდესაც მე და ჩემი მეგობარი ფრანცისკა ვფიქრობდით იმაზე, როგორ გვეშოვა ფული. ყველაფერი ვცადეთ, ყველგან გაგვეხსნა გზა. ბევრ დახმარებას ვიღებთ სხვადასხვა ფონდებისგან, როგორიცაა: მოდის ბიურო, ქალაქის მერია, სადაც უნდა გავაკეთოთ გამოფენა. ერთად მივიღეთ ქალაქის სტიპენდია. როდესაც ადამიანი სკოლას ამთავრებს, მან უნდა დაიწყოს რაღაცის კეთება დამოუკიდებლად. შეუძლია, შეიტანოს თავის პორტფოლიო. ხუთი კაცი იღებს ქალაქის მერისგან სტიპენდიას მოდის დარგში. მე და ფრანცისკამ ერთად შევიტანეთ პორტფოლიო და ავიღეთ სტიპენდია – საკმაოდ კარგი თანხა. ნოემბერში ქალაქ გრანდში იქნება ძალიან დიდი გამოფენა. ამ კოლექციაში იმდენი რამ დევს, მისი გაკომერციულება ძალიან ადვილი იქნება. გრანდში, დიდ მაღაზიაში, რომელიც საგამოფენო დარბაზს ჰგავს, გაიმართება კოლექციის პრეზენტაცია. მაღაზიის მეპატრონემ გვითხრა, არ იქნება ცუდი, თუ კომერციულ ხაზსაც გააკეთებთო, მაგრამ რამდენად მოესწრება, არ ვიცი. ძალიან გვინდა, ეს კოლექცია ლონდონში წავიღოთ და მისი პრეზენტაცია იქ მოხდეს. იმედია, შევძლებთ.

– როგორ აღმოჩნდი ბერლინის მოდის კვირეულზე?

– არსებობს სააგენტო, რომელიც ეძებს დიზაინერებს. მომწერეს, თუ მქონდა სურვილი, მოდის კვირეულში მიმეღო მონაწილეობა. ერთადერთი დიზაინერი ვიყავი სხვა ქვეყნიდან, რადგან ძირითადად გერმანელი დიზაინერები მონაწილეობდნენ. ვენიდან კი ვიყავი, მაგრამ ქართველი რომ ვარ, ეს არასდროს მავიწყდება. გამოცდილების თვალსაზრისით, ძალიან კარგი იყო ამ შოუში მონაწილეობა. თან, ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი შოუ გახლდათ. ქართული მუსიკაც გამოვიყენე, რომელიც ძალიან მოუხდა ჩვენებას. არ მინახავს შოუ, „ბექსთეიჯში“ ვიყავი. ხმა რომ მესმოდა, ბიჭები გადიოდნენ, მაჟრიალებდა. სხვათა შორის, ვიღაც ქალი მომვარდა ჩვენების შემდეგ, აცახცახებული და მადლობას მიხდიდა.

– სწორად აღიქვეს ის, რაც შენს კოლექციაში ჩადე?

– ბერლინისა და საერთოდ, გერმანული მოდის ესთეტიკა ჩემთვის ძალიან რთულია. მიმაჩნია, რომ დიდი ხანია ამ ქვეყანამ დაკარგა მოდაში ესთეტიკური მომენტი. ის, რაც იქ ვნახე, ჩემგან ძალიან შორს არის. ამიტომაც, ბევრმა შეიძლება, ვერ გაიგო ჩემი კოლექციის არსი, მაგრამ ეს ჩემთვის მაინც „ოქეია“. მასში იმდენი ინფორმაცია იყო ჩადებული, რომ ჩემი კოლექცია ერთბაშად ბევრი აღმოჩნდა მათთვის. როდესაც ბერლინში ჩადიხარ, იგრძნობა ახლად დაბადებული მოდის ტენდენციები, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი დრო სჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ბერლინის მოდის კვირეულზე საკუთარი თავის დამკვიდრება მინდოდა. მე არ წავსულვარ იქ იმიტომ, რომ ჩემი კოლექცია გამეყიდა, დავმკვიდრებულიყავი. უბრალოდ, მინდოდა, მოდის კვირეულზე მომეწყო გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის პრეზენტაცია და საკუთარი თავიც გამომეცადა – შევძლებდი თუ არა ასე მცირე დროში კოლექციის შექმნას. მინდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კოლექცია ვაჩვენო პარიზში, ვფიქრობ, იქ ყველაზე კარგად მიიღებენ ამას. პარიზი და ლონდონი ეს ორი ქალაქია, სადაც საკუთარ თავს ვხედავ და ასევე, ნიუ-იორკშიც.

– როგორ აღმოჩნდი მალიორკაზე?

– არსებობს ფეხსაცმლის ძალიან ცნობილი ესპანური კომპანია „კამპერი“, რომელსაც მასობრივი წარმოება აქვს მალიორკაზე. ეს კომპანია დღემდე ოჯახს ეკუთვნის და დიდი მაღაზიები აქვს მთელ მსოფლიოში. მათთან თანამშრომლობენ ცნობილი დიზაინერები. კომპანია მალიორკაზე, ვილაში – მთავარ სააგენტოში აწყობს „ვორქ შოპებს“, სადაც მთელი მსოფლიოდან 8 დიზაინერს არჩევენ და ისინი აკეთებენ ფეხსაცმელს ამ კომპანიისთვის. ჩემზე ინფორმაცია ჰქონდათ ჩემი ყოფილი პროფესორისგან, ბელგიელი დიზაინერისგან, ვერონიკ ბრანქინოსგან, რომელიც მათთან მუშაობს. როდესაც მომწერეს, მინდოდა თუ არა მონაწილეობა „ვორქ შოპში“, იქ ჩემი პორტფოლიო გავაგზავნე და რამდენიმე დღეში მომივიდა პასუხი – მალიორკაზე მიწვევდნენ. 8 დღე ვიყავი სამოთხეში. პირობები, რაც ჩვენ ამ კომპანიამ შეგვიქმნა, მართლაც იშვიათია. თვითონ სოფელია გასაოცარი. დგას უზარმაზარი ვილა და იქ ვმუშაობდით. გვერდით კი იყო სასტუმრო, სადაც დაგვაბინავეს. სულ მოდის სამი დიზაინერი ვიყავით, დანარჩენები ფეხსაცმლის დიზაინერები იყვნენ, ერთი პროდუქტის და ორი მხატვარი კონცეპტუალისტი. ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ – როგორ უნდა დამუშავდეს ტყავი, როგორ უნდა იმუშაო ფეხსაცმელზე. ჩამოიყვანეს ადამიანები, რომლებიც ცნობილ კომპანიებში მუშაობენ. ისინი გვასწავლიდნენ ყველაფერს და ბოლოს თვითონ გავაკეთეთ ფეხსაცმელი. ვიჯექი და ვაჭედებდი, ფეხები სულ დალურჯებული მქონდა. რომ დადგეს მომენტი – შევძლებ და ფეხსაცმელს გავაკეთებ, იმიტომ რომ ყველა დეტალი ვიცი. ძალიან ბევრი ცნობილი დიზაინერი იყო ჩამოსული – ავეჯის, ფეხსაცმლის და პრეზენტაციას აწყობდნენ, თავის ამბებს გვიყვებოდნენ, ისტორიებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მუშაობდნენ ამ კომპანიასთან. ოქტომბრის ბოლოს ბარსელონაში გამოვა წიგნი. მას უშვებს გამომცემლობა, რომელიც სხვადასხვა დარგებზე მუშაობს, ერთ-ერთია მოდა. მეც მოვხვდი ამ წიგნში და მასში შევა არა მხოლოდ მამაკაცის, არამედ ქალის სამოსის კოლექციაც.

– რა ბედი ეწია შენს შეკერილ ფეხსაცმელს, თუ გაიყიდა?

– ბოლოს გვქონდა გამოფენა. ერთი – ტყავის სანდალის თარგი და მეორე მამაკაცის კლასიკური ფეხსაცმელი გავაკეთე. კარგი გამოვიდა. ეს კომპანია გამოსცემს წიგნს და „ვორქ შოპის“ მთელი პროცესი დიზაინერების შეკრებაზე განიხილება. ზოგის ფეხსაცმელი ჩაიდება პროდუქციაში, ზოგისას კი რაღაც ელემენტს გამოიყენებენ. ჩვენ უკვე მოვაწერეთ კონტრაქტს ხელი და გამიხარდება, თუ ჩემი ნამუშევრიდან რაიმე შევა მასში.

ყოველ წელს ვენაში იმართება მოდის ფესტივალი, რომელსაც თან ახლავს სხვადასხვა ღონისძიება-ჩვენებები. როდესაც ფესტივალი იწყებოდა, დამირეკეს და მკითხეს, თუ მქონდა სურვილი, ჩანთაზე გამეკეთებინა პრინტი. გამიხარდა, ვიფიქრე, ჩემი ჩანთებით ივლის მთელი ვენა-მეთქი. გავაკეთე ჩანთის ესკიზი, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ზემოდან ჩემი სახელი დამეწერა, ზედმეტად მივიჩნიე. მათ კი მითხრეს, სახელიც უნდა ჰქონოდა ზემოდანო. ამ ჩანთებით დაურიგეს მთელი მასალები მოწვეულ სტუმრებს, ანუ ამ ჩანთაში იდო მასალები და მოხდა ჩემი სახელის პრეზენტაცია, რადგან ყველა ინსტინქტურად დახედავდა მას. თავიდან რომ დამირეკეს, ძალიან გამიკვირდა, თან ფულიც გადამიხადეს. ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. სხვათა შორის, როდესაც მალიორკიდან ჩამოვფრინდი და აეროპორტიდან მოვდიოდი, დავინახე გოგონა, რომელიც ამ ჩანთით მიდიოდა. თავიდან თვალებს არ ვუჯერებდი. ჩვეულებრივი ჩანთებია, რომლებზეც დააპრინტეს ჩემი კოლაჟი, ახლა უკვე ლოგოს სახეს იღებს. სხვათა შორის, ძალიან ცნობილმა ვებ-დიზაინერმა მომწერა – მომწონს ის, რასაც აკეთებ და სიამოვნებით შევქმნი შენს ვებსაიტსო. სექტემბრიდან დავიწყებ მუშაობას. მინდა, ძალიან განსხვავებული, სპეციფიკური საიტი გავაკეთო და ალბათ, ეს ლოგო გახსნის მას.

Комментариев нет:

Отправить комментарий